19.10.2014

შემოდგომის გასეირნება

შემოდგომის ერთ მშვენიერ დილას, უფრო ზუსტად კი 17 ოქტომბერს, IX კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ადა შელიასთან და გეოგრაფიის მასწავლებელ მანანა წულეისკირთან ერთად წავედით ექსკურსიაზე წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმის დასათვალიერებლად. პრომეთეს მღვიმე კასტრული მღვიმეა, გამოირჩევა ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით, სადაც გვხვდება სხვადასხვა ფორმისა და ფერის სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები. მღვიმეში არის გაქვავებული ჩანჩქერები და ჩამოკიდებული ქვის ფარდები. სულ აღმოჩენილია 17 დარბაზი, მაგრამ კეთილმოწყობილი და მნახველთათვის ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მხოლოდ 5 დარბაზია. მღვიმის ბილიკის სიგრძე 1 420 მეტრია, ამას ემატება მღვიმის ერთ-ერთი გასასვლელი მდინარით, ჩვენ მასზე ნავით გავისეირნეთ. მეორე გასასვლელი სპეციალურადაა გაჭრილი, ის საფეხმავლოა. მღვიმეში მოგზაურობამ საათზე მეტ ხანს გასტანა. ყველანი გაოცებულნი და აღფრთოვანებულნი დავრჩით, პრომეთეს მღვიმის ზღაპრული სილამაზის ხილვით.
მღვიმის დათვალიერების შემდეგ გელათის მონასტერს ვეწვიეთ, რომელიც შუა საუკუნეების საქათველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ის  1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსდა. ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული ძეგლების სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ მონასტრის გალავნის სამხრეთით დავით აღმაშენებლის საფლავია. დღის ბოლოს კი კმაყოფილებით, სიხარულითა და ემოციებით დატვირთული დავბრუნდით შინ.

 სოფიო კვირტია

გელათის მონასტერი


მოგზაურობა პრომეთეს მღვიმეში