ხობის მუნიციპალიტეტი



სიმბოლიკა

ხობის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
1. ხობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს - ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით.
2. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
3. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ხობი“.
ხობის მუნიციპალიტეტის დროშა
ხობის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
 ხობის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად - თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს - დროშის 1/3. დროშის პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი. დროშის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს.
 დროშის პროპორციაა: 2/3.
ზოგადი მონაცემები ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ
1.
 მდებარეობა  დასავლეთ საქართველო, კოლხეთის დაბლობი
2.
 კლიმატი  ზომიერი
3.
 ადმინისტრაციული ცენტრი  ქ. ხობი
4.
 დასახლებათა რაოდენობა  58
 მათ შორის:
ქალაქი
  1
სოფელი
  57
5.
 ადმინისტრაციული ერთეული  22
 მათ შორის:
ქალაქი
  1
თემი
  15
სოფელი
  6
6.
 ტერიტორია  676 კმ2
7.
 მოსახლეობა  42096   (დევნილთა ჩათვლით)
 მათ შორის:
ა)
 ქალაქის მოსახლეობა  5805
ბ)
 სოფლის მოსახლეობა  36291
გ)
     გენდერულ ჭრილში
 ქალი  22142
 კაცი  19954
დ)
     ეთნიკურ ჭრილში
 ქართველი  41856 (99,43%)
 აფხაზი   -
 რუსი  72 (0,17%)
 სხვა  168 (0,4%)
ე)
 დევნილთა რაოდენობა  38374
 ქალი  19192
 კაცი  19182
ვ)
 ამომრჩევლები  29532
ისტორია
   ხობის მუნიციპალიტეტს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ბარის ცენტრალური ნაწილი უკავია. ეს ის რეგიონია სადაც კოლხური კულტურის ჩასახვა-განვითარება მიმდინარეობდა. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ მთავრდებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა და აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრებისა და დიალოგის ადგილი იყო.
    ხობი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები მდინარე ხობთან აიგივებენ მდინარე ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდინარე ხობი. გადმოცემის თანახმად სწორედ მდინარე ხობის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).
     ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძველი წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი. სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნით. სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებერვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.
  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრია ბრინჯაოს ხანის ძველკოლხური ნამოსახლარები. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, კერძოდ კი კოლხეთის ისტორიის შესწავლის საქმეში. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ქვალონის „ნაოხვამუზე’’ შემდეგ კი ჭალადიდში, თორსა-დღვაბასა და ყულევში წარმოებულმა გათხრების შედეგებმა მსოფლიოს არქეოლოგთა ყურადღება მიიპყრო და დღეს ამ ძეგლებზე მოპოვებული მასალების გათვალისწინების გარეშე ძველი ისტორიის და კულტურის სრულფასოვანი გააზრება შეუძლებელია. აქ მოპოვებული ცალკეული ექსპონქტები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო საარბრიუკენის, ბოხუმის, ვისბადენის და მოსკოვის თემატურ გამოფენებზე და საყოველთაო აღიარება ჰპოვა.
   მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ისტორიული ძეგლებით. აქ ორი მუზეუმია - ხეთაში „საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის“, ხოლო ხობში - ქართული ხალხური სიმღერის. მუნიციპალიტეტში 22 მიწისზედა ისტორიული ძეგლია, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხობის მონასტერი, მისი აშენების შესახებ ზუსტი თარიღი არ არსებობს, ბოლო დროს ახალი კანკელის ბაზის მომზადებისას აღმოჩნდა ძველი კანკელის ჩუქურთმიანი და ფრესკურ-საღებავიანი ბაზა, რომელმაც მეცნიერებს მისცა საშუალება მინიმუმ ერთი საუკუნით მაინც უკან გადაეწიათ ტაძრის დაარსების თარიღი. ისტორიკოს ნოდარ შონიას აზრით იგი გუბაზ მეფის მკვლელობის ადგილას აშენდა. ხალხური გადმოცემებით ტაძრის აშენება უკავშირდება დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს, ამიტომაც იყო, რომ დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა ცოტნე დადიანსა და ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ხალხში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ხობის მონასტერთან დავით აღმაშენებელს საზაფხულო სადგომი ჰქონია, რაც არც თუ უსაფუძვლოა. ვახუშტი ბატონიშვილი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს: „ჟამსა ერთსა გარდავიდა მეფე გეგუთსა და მუნით ხობსა“. ხალხის მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ხობის ტაძარში დასვენებული იყო დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრები, ტაძრის ეს ნაწილი ცოტნე დადიანის ოჯახისა და მათი შთამომავლების საძვლედ ითვლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად სწორედ ეს აკლდამა აღმოჩნდა. სამუშაოებს აწაროებდნენ არქეოლოგები რევაზ და ნანა პაპუაშვილები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია. ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ ტაძარში დასვენებული იყო უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, წმინდანთა ნაწილები, უძვირფასესი ხატები, ხელნაწერები და სხვა, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული. ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შედეგად გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეშვიდე საუკუნეების კოლხური ნამოსახლარები. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ხობის ცნობილი მონასტერი არ აშენებულა ცარიელ ნიადაგზე, აქ ამ ტაძრის აგებამდე მინიმუმ 1500 წლით ადრე ცხოვრება დუღდა, თუ იმ ნივთებსაც გავითვალისწინებთ, რომლებიც სხვადასხვა დროს და პერიოდს განეკუთვნება (ისინი ნაწილობრივ ავსებენ 15000 წლიან მონაკვეთს). მაშინ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ იმ მთაზე, რომელზეც ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, ცხოვრება იწყება თითქმის 30 საუკუნის წინათ და გრძელდება დღემდე“. . .
   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: „ჩეოხვამე“ - წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია ხეთის საქირიოს უბანში, „ყურუმელიას“ ჯიხა-ციხე, „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქიტექტურული კომპლექსები. „მისარონფერდი“ სოფელ ხამისქურში და წმინდა სოფიოს ეკლესია.
    „ მისარონფერდი“ და „ჯეგეთა“ ადრეული პერიოდის ნაქალაქარის შთაბედილებას ტოვებს. საბჭოთა წყობილების დამყარებამდე „ჯეგეთას“ სამლოცველო მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. აქ ამოსვლა ყველას ეკრძალებოდა და თუ ვინმე ამ მხარეში მოხვდებოდა არა თუ ხის მოჭრას, ხმელი ტოტის წაღებასაც კი ვერ გაბედავდა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ 23 აპრილს გიორგობას ხალხი „ჯეგეთაში“ ღამისთევით სალოცავად მოდიოდა.
   წმინდა კვირიკეს ეკლესია, რომელსაც ხალხი „ჩეოხვამეს“ - თეთრ სალოცავს ეძახის, ძველ კოლხურ ნამოსახლარზე დგას. ცნობილი მეცნიერები დავით ლომიტაშვილი და რევაზ პაპუაშვილი არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ტაძარი მე-4 საუკუნეში იყო აშენებული. აქ შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფორმის ქვა-ჯვარი.
    ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია წმ. სოფიოს ეკლესია. სავარაუდოდ მის ქვეშ გვირაბია, რომელიც მდინარე მუნჩიას ნაპირებამდე გადის. აქ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს პირველი საუკუნეების მიჯნის რომაული ვერცხლის მონეტა და თიხის გველის თავი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. გველს როგორც სიმბოლოს ორმაგი დანიშნულება აქვს, თუ ის ცნობადის ხეზეა გამოსახული ბოროტია, ხოლო სიცოცხლის ხეზე ქრისტეს განასახიერებს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში გველი ნატვრის თვალის პატრონია, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი სიბრძნის სიმბოლოა, სოფიო კი სიბრძნეს ნიშნავს. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ წმ. სოფიოს ტაძრის ეზოსა და მისი შემოგარენის შესწავლა  ჩვენი ისტორიის ბევრ ბურუსით მოცულ ფაქტს ნათელს მოჰფენს.
ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან ოციოდე მეტრში ბრინჯაოს გრიფონი აღმოჩნდა, რაც ჩვენში მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია. ჩვენში მითრას - მირსას, მისარონს უწოდებდნენ სამეგრელოში. იგი სინათლის სიმბოლო იყო. გრიფონის ყველაზე თავლაჩინო დეტალი დიდი თვალებია. ხეთაში აღმოჩენილი გრიფონი წინა ქრისტიანულ ხანაში აქ არსებული სალოცავის მთავარი კულტმსახურის ტახტის სამშვენისი უნდა იყოს. ქრისტიანულ ეპოქაში გრიფონები გამოიყენებოდა ნაგებობის სამშვენისად და აღდგომის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.
     მუნიციპალიტეტის ისტორია მოწმობს, რომ ხობელები იმ ცხოვრებით ცხოვრობდნენ რითაც დანარჩენი ქართველები. მე-19 საუკუნის დამდეგიდან ჩვენში რუსული მმართველობა დამყარდა. ამ დროს დაწინაურდა მდინარე ხობის შესართავთან მდებარე სოფელი ყულევი, რომელსაც კემხელი ერქვა. რუსულმა მმართველობამ 1804 წელს სამხედრო-სიმაგრე რედუტი ააგო და ამ სოფელს რედუტ-კალე უწოდეს, შემდეგ იგი საპორტო ქალაქად აქციეს. 1853-1855 წელს ყირიმის ომის დროს ქალაქი თურქებმა გადაწვეს, ამის შემდეგ იგი დაქვეითდა. 1918 წლიდან ამ სოფელს ყულევი ეწოდება. ამჟამად აქ დიდი სანავთობო ტერმინალი ფუნქციონირებს.
   XX საუკუნის მოვლენები ხობსა და ხობელებს აქტიურად შეეხო. ხობელები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას რევოლუციებში, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში, 1924 წლის აჯანყებაში, მრავალი ხობელი შეეწირა საბჭოურ  რეპრესიებს,  მეორე მსოფლიო ომს, შემდგომ იყო ე.წ. კომუნისტური ,,აღმავლობა“, რომელსაც მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
      1961 წელს ხობის რაიონული ცენტრი დაბად გამოცხადდა, ხოლო 1981 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ამჯამინდელი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხური სახელმწიფოს ცენტრში მდებარეობდა და იგი კოლხურ კულტურასა და ეკონომიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, დღეისათვისაც ხობის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებში და დღესაც არსებობს ბუნებრივ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რესურსები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ხობმა კვლავ შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ის ასრულებდა ძველად და აქტიური მონაწილეობა მიიღოს არამარტო ქვეყნის ცხოვრებაში.

გეოგრაფია
     ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით - ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით - შავი ზღვა.
        მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 21 ადმინისტრაციული ერთეული 57 სოფლით.  განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრამდე, მოსახლეობა შეადგენს 44660 კაცს, საიდანაც 17% ქალაქის მოსახლეობაა.
         მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების სიგრძე შეადგენს 310 კმ-ს. მათ შორის: საერთაშორისო მნიშვნელობის - 15.4 კმ, სახელმწიფო მნიშვნელობის - 112 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის - 182.6 კმ.
          მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2-470 მ-მდე     სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას  და ხასიათდება თბილი ზამთრით, ცხელი ნოტიო ზაფხულით და ხანგრძლივი თბილი შემოდგომით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140C-ია. ზამთრობით გაბატონებულია აღმოსავლეთის ქარები. წლის ყველა დროს ქრის როგორც ზღვის, ასევე ხმელეთის ქარები. მდიდარია ჰიდრორესურსებით - უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია რელიეფის მიხედვით იყოფა შემდეგ ნაწილებად:
1. მდინარეების ჭურია-ხობი-რიონის შუეთის ვაკე დაბლობი;
2. ურთის მთა - აბსოლუტური სიმაღლე - 466 მეტრი;
3. ჭიხუს ბორცვნარი;
4. ბიის მაღლობი;
5. ხიბულის სერი;
6. ზენის ვაკე-დაბლობი.
        ანაკლია-ჭურიისა და ნაბადის ჭაობს 33710 ჰა ფართობი უკავია, რომელიც 1936 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭაობების სიაშია შეტანილი. ჭაობები და მისი განაპირა კოლხური ტყეები კოლხური ხოხობის ერთადერთი და საყვარელი  საბუდარია. აქ შემორჩენილია ულამაზესი ფრანგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის სელიქტური და ენდემური სახეობებით. ამჟამად  ეს ადგილები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: რიონი, ხობი, ჭურია, მუნჩია, კაპარჭინა, ფიჩორი, ჭანისწყალი, ზანა, ცივი, ცია...
      ურთის მთის კალთებზე მდებარეობს კარსტული ტბები - პაპანწყვირე და ნაზმახე, ხოლო ფოთთან - პალიასტომის ტბა.
   მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო თერმული წყლებით (ბევრგან ამოდის გოგირდშემცველი მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური თვისებებით ცაიშის მინერალური წყლების მსგავსია), რომელთა ნაწილი გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ, ნაწილი კი საჭიროებს კვლევას. მათ შორის არის უნიკალური ჰიპერთერმული წყლები, რომლებიც უნიკალურია არამარტო საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალნეოლოგიურ წყლებს შორის.
ბუნებრივი მცენარეული საფარი ძალზედ სახეშეცვლილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ძირითადად გავრცელებულია კოლხური ტიპის ტყეები. სასოფლო-სამეურნეო ნარგავები წარმოდგენილია სუპტროპიკული კულტურებით.
     მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს წარმოადგენს მიწა. მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურები - ჩაის, ციტრუსებისა და ეთერზეთოვანი კულტურების სახით. ასევე მდიდარია საშენი ინერტული მასალებით: ქვიშა-ღორღი, ფლეთილი ქვა. კოლხეთის დაბლობის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ტორფის მარაგი.
ხობის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით  აგრარულ რაიონს წარმოადგენს. ტერიტორიის 44%-ს, ანუ 29942 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს. სავარგულების 45%, ანუ 13515 ჰა სახნავი მიწებია, საძოვარი - 12588 ჰა, სათიბი - 11 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 3828 ჰა.
     მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით. მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი). მრავალწლიანი ნარგავებიდან - ციტრუსს, თხილს, დაფნასა და ჩაის.
შენიშვნა: მასალა გამოყენებულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებ-გვერდიდან მისამართი: www.khobi.ge